გაეროს გენერალური მდივანი სახელმწიფოთა ლიდერებს შეახსენებს, რომ მსოფლიო „დიდი საფრთხის“ წინაშე იმყოფება. პანდემიით გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ, გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეა ფიზიკური დასწრებით ნიუ-იორკში პირველად იკრიბება. წამყვან საკითხებს შორისაა: შეიარაღებული კონფლიქტები; კლიმატური კატაკლიზმები; მზარდი სიღარიბე და უთანასწორობა; სახელმწიფოებს შორის მტრული ურთიერთობა, რაც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ კიდევ უფრო გააღრმავა.
დღეს გენერალურ ასამბლეას მსოფლიოს ლიდერები მიმართავენ. ტრადიციულად, პირველი ბრაზილია იქნება, რადგან ისტორიულად, ადრეულ სესიებზე, როცა სხვა ქვეყნები დუმდნენ, ბრაზილია იჩენდა ინიციატივას და ხსნიდა გენერალურ ასამბლეას. მეორე გამომსვლელი წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვინაიდან ჯო ბაიდენი ლონდონში დედოფალ ელისაბედის დაკრძალვაზე გაემგზავრა, მისი მიმართვა ოთხშაბათისთვის გადაიდო.
მსოფლიო ლიდერების გამოსვლებამდე, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა აღნიშნა, რომ პლანეტა პრაქტიკულად, „პირდაპირი მნიშვნელობით იწვის“ და ახლა სახელმწიფოთა ლიდერებს მისი ხსნის „უზარმაზარი“ მისია ეკისრებათ.
ამას გარდა, ჯერ კიდევ მწვავე პრობლემად რჩება კოვიდ-19-თან ბრძოლა. პანდემიის და ბევრი სხვა მიზეზით, მათ შორის – ფინანსებზე შეზღუდული წვდომის გამო – განვითარებად ქვეყნებს ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავება კიდევ უფრო გაუჭირდათ. ნიადაგი ეცლება განათლების, ჯანდაცვის, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას. მსგავსი კრიზისები „თაობებს არ მოსწრებია“ – განაცხადა გუტერეშმა.
გაეროს გენერალური მდივანი თავისი მთავარი სიტყვით, ე.წ. მსოფლიოსადმი მიმართვით, სახელმწიფოთა უმაღლესი დონის წარმომადგენლობით თავყრილობაზე დღეს გამოვა. გაეროს პრესსპიკერის, სტეფან დუჯარიკის თქმით, გუტერეშის მიმართვა იქნება „ფხიზელი“ ხედვა, „შინაარსიანი“ შეფასება და „პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული“ გამოსვლა სამყაროს წინაშე, რომელშიც „გეოპოლიტიკური წყალგამყოფები ჩვენ ყველას რისკებს გვიქმნის“. მის გამოსვლაში არ იქნება „მოვლენების შელამაზება, თუმცა ის მათი მოგვარების იმედისმომცემ მიზეზებსაც წარმოადგენს“ – უთხრა ორშაბათს გაეროში აკრედიტებულ ჟურნალისტებს დუჯარიკმა.
მოსალოდნელია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე განხილვებს უკრაინაში მიმდინარე ომი დაჩრდილავს, ევროპაში პირველი მსხვილმასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. რუსეთის მეზობელ უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრამ, კიდევ უფრო გაამწვავა არსებული პრობლემები, ისეთ დონეზე გააღრმავა სასურსათო კრიზისი და დაპირისპირება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის, რომლის მსგავსიც ცივი ომის პერიოდის შემდეგ არ უნახავთ.
წლევანდელ ასამბლეაზე 150 სახელმწიფოს ლიდერები იკრიბებიან. ეს იმაზე მიუთითებს, რომ დაპირისპირებებით სავსე დანაწევრებულ მსოფლიოში, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კვლავ რჩება პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრების, თუ მონარქების თავშეყრის მთავარ ადგილად. საკუთარ გამოსვლებში ისინი, როგორც წესი, საუბრობენ არამარტო თავის პრობლემებზე და შეხედულებებზე, არამედ კერძო შეხვედრებსაც მართავენ, სადაც მსჯელობენ მიმდინარე გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
წყარო: ამერიკის ხმა