მსოფლიო ოკეანის დონის აწევა არაერთი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის თემად იქცა, გვინახავს სიუჟეტები, როცა გიგანტური ტალღები მეგაპოლისებს შთანთქავენ.
თუმცა, როგორც აშშ–ს გეოლოგიური სამსახურის (USGS) გეოფიზიკოსმა, ტომ პარსონსმა გაარკვია, საფრთხე მხოლოდ ეს არ არის. როგორც ირკვევა დიდი ქალაქები ისედაც საკუთარი სიმძიმით “იძირება“.
მისი გათვლებით სან ფრანცისკომ არსებობის მანძილზე მიწაში 80 მილიმეტრით დაიძირა. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2050 წლისთვის წყლის დონე ყურეში შეიძლება 300 მილიმეტრით აიწიოს, ეს უკვე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
“იმის გამო, რომ მოსახლეობის არაპროპორციულად დიდი ნაწილი ეძალება სანაპიროს, დამატებითი დაძირვა ოკეანის დონის აწევის პარალელურად წყალდიდობის რისკებს ზრდის“ – წერს პირსონი საკუთარ ნამუშევარში, რომელიც AGU Advances–ში გამოქვეყნდა.
მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ სან ფრანცისკოს აეროპორტი, რომელიც ქალაქის ყველაზე მძიმე შენობაა. აშენების შემდეგ ის მიწაში 4 მილიმეტრით ჩაიწია.
თუ გავითვალისწინებთ სან ფრანცისკოს ყველა შენობას და მათ შემადგენელს, ასტრონომიული რიცხვი – 1.6 ტრილიონი კილოგრამი გამოდის. ეს სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ლითოსფერო გაიღუნოს, რომელზეც მეგაპოლისია განთავსებული, და რაც ბევრად უფრო საშიშია, ტექტონიკური ფილები გადაადგილდეს, რამაც დედამიწის ქერქის მსხვრევა გამოიწვიოს.
და ეს მაშინ, როცა 80 მილიმეტრით დაძირვა ყველაზე მოკრძალებული გათვლებია, რომელშიც არ არის გათვალისწინებული ტრანსპორტისა და ადამიანების წონა, რომლებიც შენობების გარეთ არიან. უფრო მეტიც, ადგილობრივი გეოლოგიური პირობებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი დაწევა შესაძლოა პლანეტის სხვა დიდ ქალაქებშიც ხდებოდეს.
მართალია კონტინენტების სიღრმეში ლითოსფერო როგორც წესი უფრო სქელი და მყარია, სან ფრანცისკოს ყურეში კვლევების შედეგები ყველა მსხვილი ქალაქის მიმართ შეიძლება გამოვიყენოთ – ვარაუდობს პარსონსი.