ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აზერბაიჯანის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს მოითხოვს. მიზეზი მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ 19 სექტემბერს განხორციელებული თავდასხმაა, რომელსაც ევროპარლამენტი გმობს ა გაუმართლებელს უწოდებს. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ თავდასხმის შედეგად შექმნილი ვითარება, როდესაც 100 ათასზე მეტმა სომეხმა მთიანი ყარაბაღი დატოვა, ეთნიკურ წმენდას უტოლდება.
ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, ინდივიდუალური სანქციები შემოიღოს ბაქოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე მთიან ყარაბაღში.
ევროპარლამენტი ასევე გმობს, თურქეთის ჩართულობას აზერბაიჯანის შეიარაღებასა და 2020 და 2023 წლების ბაქოს შეტევების მხარდაჭერისთვის. ამავდროულად, ევროპარლამენტარები ანკარას მოუწოდებენ, მისი მოკავშირე შეაკავოს.
რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირმა აზერბაიჯანთან ურთიერთობების “ყოველმხრივი მიმოხილვა” უნდა მოახდინოს. ევროპარლამენტარების თქმით, სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის მაგვარ ქვეყანასთან, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო ვალდებულებებს, და ადამიანის უფლებების მხრივ საგანგაშო ვითარება აქვს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიზნებს არ შეესაბამება.
ევროპარლამენტის რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირს აზერბაიჯანული გაზის იმპორტზე დამოკიდებულება შეამციროს, ხოლო სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის ან მნიშვნელოვანი ჰიბრიდული თავდასხმების შემთხვევაში სრულად შეწყვიტოს აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის იმპორტი.
რეზოლუციას 491-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 9 წინააღდეგ წავიდა, ხოლო 36-მა თავი შეიკავა.