შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები განმარტავს, რატომ შეუერთდა სააკაშვილის გათავისუფლებისთვის შექმნილ პეტიციას.
მისი თქმით, სააკაშვილის გათავისუფლებას მოსახლეობის ნახევარი უჭერს მხარს, ყოფილ პრეზიდენტს კი პირველი ქვა იმან ესროლოს, ვინც უშეცდომოა.
“უფალი ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე გვასწავლის რომ, როგორც თქვენ შეიწყალებთ სხვა ადამიანს ასევე შეგიწყალებთ თქვენ და როგორც თქვენ განსჯით თქვენ ძმას ასევე განისჯებით, რამეთუ ყოველი ადამიანი ხატი და მსგავსია ღმრთისა, არ მინდა,რომ კიდევ ერთ ცოდვაში ჩავარდეს ჩვენი ერი და ტრადიციად ვაქციოთ პრეზიდენტების დასჯა. რასაც გაუკეთებ სხვას იგივე ან უფრო ვარესი შეიძლება მოგივიდეს შენ.
მე პოლიტიკოსი არ ვარ და არც ვაპირებ ჩავერიო პოლიტიკურ საქმიანობაში, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე საქართველოს ეხება, 40 პროცენტი და შეიძლება მეტიც ითხოვს მესამე პრეზიდენტის თავისუფლებას. მართალია უშეცდომო არავინაა და ვინც უშეცდომოა, იმან ესროლოს პირველი ქვა მიხეილ სააკაშვილს.
აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული მოსახლეობის 50 პროცენტის მოთხოვნა, მკვლელობები, სასჯელები თუ სხვა უპატიებელი ცოდვები ჩვენ ქვეყანას არაფერს მოუტანს, პირიქით, ღმრთისგან სასჯელს მივიღებთ.
უფალი ბრძანებს მოწყალება მნებავს და არა მსხვერპლი, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ღმერთის იესო ქრისტეს ეს სიტყვები.
და თუ საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის დასჯაზე, პირველ რიგში ზვიად გამსახურდიას მკვლელები რატომ არ ისჯებიან, რატომ არ იქნა ეს გამოძიებული, რატომ არ ისჯებიან ის ადამიანები, ვინც ბევური ბოროტება შეამთხვიეს ჩვენს ქვეყანას, თუმცა მე უმრავლესობასთან ერთად არ ვითხოვ არავის დასჯას, ღმერთი მოწყალეა და ერთხელ და სამუდამოთ შევრიგდეთ და მშვიდობიანი არჩევნები და ქვეყანა შევქმნათ.
მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენ ხალხს გამოიჩინოს ქრისტესმიერი მოწყალება, სიყვარული წინააღმდეგ შემთხვევაში იგივე და უარესი შეიძლება მოუვიდეთ მათ”- წერს მეუფე იოსები.
სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე ხელი მოაწერეს მეუფე იაკობმა და მეუფე მელქისედეკმაც.