მტკიცებულებების განადგურებას ელოდებით? ამ დრომდე არ ამოგიღიათ, გიორგი შეწირულის სამოსი, დნმ ექსპერტიზა არ გჭირდებათ?- მელაძე საგამოძიებოს

ფოტო ; მზია საგანელიძე

“მტკიცებულებების განადგურებას ელოდებით? ამ დრომდე არ ამოგიღიათ, გიორგი შეწირულის სამოსი, დნმ ექსპერტიზა არ გჭირდებათ?” –  TV  პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

“გამოძიება სად ისწავლეთ, ვინ ხართ? ასეთი უცოდინრები ხართ თუ მტკიცებულებების განადგურებას ელოდებით!!! ამ დრომდე არ ამოგიღიათ, გიორგი შეწირულის სამოსი რომელიც ეცვა, სადაც არის სისხლის კვალი. დნმ ექსპერტიზას არ გჭირდებათ? ტანსაცმელზე ვის კვალს იპოვით წიხლებით, რომ შედგნენ ოპერატორს ეს გამოძიებას არ აინტერესებს?
სად არის კამერა და სამაუწყებლო აპარატურა, სადაც არის ჩიპი და იქ ჩანს თავდასხმის მაღალი გარჩევადობის ვიდეო.” წერს ნოდარ მელაძე

მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. მათივე მტკიცებით, გამოიკითხა გიორგი ლალიაშვილი და ჩატარდა მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, გამოკითხვაზე დაბარებულია ლუკა თოფურიძე.

“სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება, 2024 წლის 7 დეკემბერს, თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით.

სამსახურმა შეტყობინების მიღებისთანავე საქმეზე დაუყოვნებლივ ჩაატარა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები: ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაში მონაწილე პირების და მათი თანამზრახველების იდენტიფიცირების, აგრეთვე, უშუალოდ დანაშაულის ჩადენამდე და დანაშაულის ჩადენის შემდგომ პერიოდში მათი გადაადგილების მარშრუტის დადგენის მიზნით, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია, რის შედეგადაც გრიბოედოვის, ძმები ზუბალაშვილების, ბესიკის, მ. ლაღიძის, ალ. ჭავჭავაძის ქუჩების და შოთა რუსთაველის გამზირიდან, გადაუდებელი წესით ამოღებული იქნა კონსერვატორიის და 5 კერძო ობიექტის სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომელთა დეტალური შესწავლა და ანალიზი უკვე დაწყებულია. ასევე მიმდინარეობს სხვა კერძო და საჯარო ობიექტებიდან ვიდეოჩანაწერების გამოთხოვა და შესწავლა. 2024 წლის 8 დეკემბერს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის სატელევიზიო ეთერში, დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჩატარდა გ. ლ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებული იქნა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი და მოხდა მასში არსებული ინფორმაციის დათვალიერება. მობილური ტელეფონის მეხსიერებაში დაცული ინფორმაციის აღდგენის მიზნით, ლ.სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა. საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გამოიკითხა გ. ლ. და მისი ოჯახის წევრი.

საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე  დაბარებული იქნა, ასევე, ლ.თ., რომლის შემთხვევის ადგილას შესაძლო ყოფნის თაობაზე ინფორმაცია მედია საშუალებით გავრცელდა.
სატელეფონო ანძების და გამოძიებისთვის საინტერესო პირების გადაადგილების შესასწავლად მობილური ოპერატორებიდან მიმდინარეობს ინფორმაციის გამოთხოვის პროცესი.

დაზარალებული ჟურნალისტის და ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისა და დაკავების, მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას” – ნათქვამია საგამოძიებოს განცხადებაში.