არასამთავრობო ორგანიზაციები ასაჯაროებენ ანგარიშს, სადაც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემული ინფორმაციაა წარმოდგენილი. “საერთაშორისო გამჭვირვალობა” და “სამართლიანი არჩევნები” აცხადებენ, რომ მაღალი ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების პარტიული მიზნით გამოყენება.
”კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა, რომლითაც მაღალი ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების (მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების) საარჩევნო/პარტიული მიზნებით გამოყენება. ამ უწყებების მეშვეობით სავარაუდოდ გროვდებოდა პერსონალური ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეების შესახებ, სავარაუდოდ მომავალში მათზე ზეწოლის მიზნით. გარდა ამისა, არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მეშვეობით ხდებოდა მოქალაქეების წინასწარ მოთხოვნილი შეღავათებით და სხვა ტიპის სარგებლით უზრუნველყოფა.”
”როგორც დოკუმენტებიდან გამოიკვეთა, მმართველ პარტიასთან ერთად ამ სისტემის შემსრულებლები, მათ შორის, სავარაუდოდ მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი იყვნენ.”
”მასალები შეიცავდა დოკუმენტს სახელწოდებით „მოხსენებითი ბარათები“, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ რეგიონული ხელმძღვანელები, როგორც წესი, პარტიის ხელმძღვანელების სახელზე (ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, აგრეთვე რეგიონული მდივანი – დიმიტრი სამხარაძე) წერდნენ განცხადებას და ითხოვდნენ საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის სხვადასხვა სამართალდამცავი უწყების თანამშრომლების პარტიის საარჩევნო შტაბში გადმოყვანას. ქართული კანონმდებლობით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობა. მან თავი უნდა შეიკავოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების საჯაროდ გამოხატვისაგან. მას ეკრძალება პოლიტიკური და საარჩევნო საქმიანობა. ” – ნათქვამია ანგარიშში.