“მტკიცებულებებში არცერთი კანონდარღვევა არ იკვეთება “- მოსამართლე ირმა ტოგონიძემ გაამართლა მოძრაობა “სირცხვილიას” ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი თამარ კურატიშვილი, რომელიც ბათუმში, სუს-ის შენობასთან 13 ნოემბერს დააკავეს, როდესაც ის ვიდეოს იღებდა. აღნიშნულ ინფორმაციას, მოძრაობა “სირცხვილია” სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“მოსამართლემ თამარი გაამართლა, როგორც წვრილმანი ხულიგნობის, ასევე პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ნაწილში.
მოსამართლემ ხაზი გაუსვა ვიდეომტკიცებულებას, სადაც ნათლად ჩანს, რომ თამარ კურატიშვილი გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადასვლისკენ მოუწოდებს სხვა აქტივისტებს და მიემართება კიდეც, თუმცა პოლიციელი მას ამის საშუალებას არ აძლევს, მოუწოდებს მას ვიდეოგადაღების შეწყვეტისკენ და აკავებს. ”წარმოდგენილ მტკიცებულებებში არცერთი კანონდარღვევა არ იკვეთება” – აღნიშნა მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისას.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული უკანონო დაკავების გამო თამარ კურატიშვილმა იზოლატორში 48 საათი გაატარა და იგი ამ ნაწილში განაგრძობს სამართლებრივ დავას.”- წერია განცხადებაში.