იუსტიციის საბჭოს წევრის ლევან გზირიშვილის შვილი და მოსამართლე ლევან მურუსიძის თანაშემწე, მოსამართლეებად დაინიშნენ. ამის შესახებ, ინფორმაციას იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილი ავრცელებს.
”მამის დახმარებით რომ ადამიანი მოსამართლე ხდება, დღეს ასეთი ქვეყანაა საქართველო
დიახ, დღეს ეს მოხდა… წავლენ ახლა და რომელიმე რესტორნაში აღნიშნავენ მორიგი მონის დანიშვნას.. ესაა დაპირებული რეფორმა? ან გატარებული რეფორმების შედეგი. ამ ქვეყანაში მხოლოდ კლანები და მათი ოჯახები უნდა დარჩნენ. სრულიად უპესპექტივო და უიმედო მდგომარეობაა. უბრალოდ მაინტერესებს, რა დავაშავეთ ასეთი”- წერს ნაზი ჯანეზაშვილი.
მოძრაობა ”სირცხვილიას” ცნობით, ალექსანდრე გზირიშვილის კარიერა სასამართლო სისტემაში 2017 წლიდან დაიწყო, როდესაც მისი მამა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად აირჩიეს. საგულისხმოა, რომ 2014 წელს ალექსანდრე გზირიშვილი კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე იყო. არსებული ინფორმაციით, ალექსანდრე გზირიშვილის შვილის ნათლია ლევან მურუსიძის მეუღლეა.