მუქარა ამომრჩეველზე, მოსყიდვა, ზეწოლა, გულის მოგება – ISFED-ის ანგარიში

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

ანგარიშში აღწერილია ამომრჩეველთა სავარაუდო ზეწოლის, მოსყიდვისა და სხვა დარღვევის შემთხვევები.

ISFED-ის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა:

  • ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 17 შემთხვევა;
  • წინასაარჩევნოდ, ამომრჩევლის ფართო მასების გულის მოსაგებად ხელისუფლების მიერ ინიცირებული 2 პროექტი;
  • სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 3 შემთხვევა;
  • სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის 4 შემთხვევა;
  • სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის 1შემთხვევა;
  • ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 18 შემთხვევა;
  • ეკლესიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის 6 შემთხვევა;
  • მედიის საქმიანობისთვის სავარაუდო ხელის შეშლის 2 შემთხვევა;
  • ასევე, პოლიტიკური შინაარსის პლაკატების დაზიანების შემთხვევები 13 მუნიციპალიტეტში.

ორგანიზაციის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები, საარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად რჩება. მათი ინფორმაციით, ქართული ოცნების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის მცდელობების გარდა, დაფიქსირდა ამომრჩეველთა მოსყიდვა პატრიოტთა ალიანსისა და თავისუფალი საქართველოს მიერ, ასევე ცალკეულ შემთხვევებში ამომრჩევლების კეთილგანწყობის მოპოვებას სურსათის დარიგებით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც ცდილობდნენ.

ISFED-ის განცხადებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება შეინიშნება სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებზე, მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ჩართულობაში, რაც ,ფაქტობრივად შლის, ზღვარს სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად წინასაარჩევნო კამპანია 1 სექტემბერს დაიწყო და ამ პერიოდამდე განხორციელებულ აქტივობებზე „საარჩევნო კოდექსით“ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ მოქმედებდა, ანგარიშში აღწერილი ფაქტები ნეგატიურად აისახება წინასაარჩევნო გარემოზე.

ISFED-ის ანგარიშში ასევე საუბარია მმართველი პარტიის ღონისძიებებზე მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების დასწრებაზე, რაც ეკლესიის მიერ მხარდაჭერის განცდას ქმნის.

მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, ოპოზიციური პარტიის აქტივისტის მიმართ, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტი დაფიქსირდა. ამასთანავე, გაზრდილია, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარისა და სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები.

“ზეწოლისა და მუქარის ფაქტები, ძირითადად, დაფიქსირდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ, ხოლო, ერთ შემთხვევაში, მმართველი პარტიის მხარდამჭერი მუქარაში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს”.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სიძულვილის შემცველ რიტორიკა ქართული მარშისა და პატრიოტთა ალიანსის კამპანიაში შეინიშნება.