მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს უვადო პატიმრობა მიესაჯა

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს, გიორგი ბეროზაშვილს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბეროზაშვილს დედ-მამასთან თანხასთან დაკავშირებული კონფლიქტი ჰქონდა. პროკურორის ცნობით, მან მიითვისა $21 000, რომლის ნაწილიც ტოტალიზატორში დახარჯა. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც მამამ თანხის დაბრუნება მოითხოვა.

გამოძიებით დადგინდა, რომ კაცმა ბინაში მძინარე მშობლებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

“კაცმა ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, კერძოდ: კარადებიდან გადმოყარა ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი, მოძებნა მშობლების კუთვნილი თანხა და ოქროს სამკაულები, შემდეგ ბინაში განზრახ გააჩინა ხანძარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, – აღნიშნავდა უწყება.