მშობლებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, გაკვეთილები დისტანციურად ურჩევნიათ, თუ საკლასო ოთახში – სკოლები გაიხსნა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

სკოლებში, სადაც დღეიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა, მშობლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, მათი შვილები ოთახებს დაუბრუნდებიან, თუ გაკვეთილებს ისევ დისტრანციურად დაესწრებიან.

აღნიშნული მიდგომა შეეხება მხოლოდ შემდეგ ქალაქებში – ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთში და გორში მდებარე საჯარო სკოლებს. თუკი მასწავლებლებს მოუწევთ, დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ.

მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – www.online.emis.ge.

რაც შეეხება მასწავლებელთა ტესტირებას, ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20 პროცენტის სავალდებულო სისტემატური ტესტირება ორ კვირაში ერთხელ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე. სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა მოხდეს სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია ბმულზე: labour.moh.gov.ge, რასაც სკოლები თავად უწევენ ორგანიზებას. აღნიშნული პროცესი სკოლებში უკვე დაწყებულია“, – აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.