არანაირი ვითარება და გარემოება არ არის იმის, რომ არჩევნები გადაიდოს, – ასე ეხმაურება “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე პარლამენტის ყოფილი თამჯდომარის გუშინდელ განცხადებას, რომ შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნები დეკემბრამდე გადაიწიოს.
ვაშაძე თვლის, რომ მმართველი პარტია პროცესებს შეგნებულად აჭიანურებს და ოქტომბერში, მძიმე რეიტინგების არსებობის შემთხვევაში, არჩევნების მართლაც დეკემბრის ბოლოსთვის გადატანას ეცდებიან.
“როცა პოლიტიკური ძალა ჯანმრთელობით სპეკულირებს, ეს ბინძური პოლიტიკური თამაშია. მე როგორც ვხედავ, სპეციალურად აჭიანურებენ ამ პროცესს, რომ მათ ჰქონდეთ გეგმა B. მათ დიახაც, აქვთ გეგმა B – თუ ოქტომბრის ბოლოსთვის ექნებათ მძიმე რეიტინგული პოლიტიკური მდგომარეობა, შეეცდებიან გადაიტანონ არჩევნები დეკემბრის ბოლოსთვის. ეს არის ცეცხლთან თამაში, პირდაპირ მინდა ვთქვა. ეს არის თამაში ადამიანის ნერვებზე. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ დღეს არანაირი ვითარება და გარემოება არ არის იმის, რომ არჩევნები გადაიდოს და ნუ შეეცდებიან ადამიანის ჯანმრთელობით სპეკულირებას, – ამბობს ვაშაძე.
ლეიბორისტების ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ძალაუფლების გახანგრძლივებას სწორედ არჩევნების გადატანით ცდილობს.
“ბატონი კობახიძე წარმოადგენს 21-ე საუკუნის უნიჭო გებელსს, რომლის მოვალეობაა ოლიგარქის კაცთმოძულე აზრები გაახმოვანოს ყოველგვარი ზნეობისა და სირცხვილის გარეშე. ეს გახლავთ მორიგი მცდელობა რამენაირად გაიხანგრძლივონ ყოფნა-არსებობა და ძალაუფლება ფინანსებში და სისტემაში, რეჟიმმა რომელსაც დედამიწაზე აღარ დაედგომება“, – ამბობს ნათელაშვილი.
“დამარცხებისთვის განწირული “ოცნება” გამოსავალს ეძებს“ – ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი კობახიძის განცხადებას.
“ცდილობენ მანიპულირება გააკეთონ არჩევნების თარიღით, მაგრამ ამას განსაზღვრავს არა კობახიძე, არა “ქართული ოცნება”, არამედ საქართველოს კონსტიტუცია, კანონი და სწორედ კანონის შესაბამისად უნდა ჩატარდეს არჩევნები. ამ მანიპულირებას ჯობია “ქართულმა ოცნებამ” თავი დაანებოს და მიხედოს, რომ არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს და ამის გარანტია მისცეს როგორც საქართველოს მოსახლეობას, ისე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, “- ამბობს უდუმაშვილი.
ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” ოპოზიციაში გადასასვლელად, ნებისმიერ დროს განწირულია.
“როცა არ უნდა გაიმართოს არჩევნები და რა სისტემითაც არ უნდა გაიმართოს ის, საზოგადოების კონსენსუსი რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება უნდა შეიცვალოს პროდასავლური ძალების კოალიციური მთავრობით, სადაც ხელისუფლება გადანაწილებული და დაბალანსებული იქნება სხვადასხვა პარტიებს შორის, ეს კონსენსუსი იმდენად ძლიერი და აშკარაა, რომ ნებისმიერ დროს “ქართული ოცნება” განწირულია ოპოზიციაში გადასასვლელად“ – ამბობს კანდელაკი.
“ეს ხელისუფლების თაღლითურად გახანგრძლივების მცდელობაა“, – ასე ეხმაურებიან მოძრაობაში “ლელო საქართველოსთვის” პარლამენტის ყოფილი თამჯდომარის გუშინდელ განცხადებას, რომ შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნები დეკემბრამდე გადაიწიოს.
“კობახიძისაგან აბსურდი და გაურკვეველი ტიპის განცხადებები ახალი ნამდვილად არ არის. ეს გარკვეულწილად არის ხელისუფლების თაღლითურად და ორი თვით გახანგრძლივების მცდელობა. “ქართული ოცნებისგან” არც გადაგდება, არც ტყუილი და არც უკადრებლის კადრება, ახალი არაა“, – ამბობს მოძრაობის წევრი საბა ბუაძე.
“ქართლი ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, პარლამენტის უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბერში იქნება, შესაძლოა, არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს.
“თუ კორონავირუსის მეორე ტალღა არჩევნებამდე პერიოდს დაემთხვა, ამ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, თუმცა ამაშიც არ არის არაფერი ტრაგიკული. ბუნებრივია, თუ ეს მოხდა ოქტომბერში და თუ იქნება აუცილებელი, ამ შემთხვევაში ოქტომბერში არ ჩატარდება არჩევნები და ჩატარდება პირობითად, დეკემბერში”,- განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.