კელი დეგნანი ღამურებთან დაკავშირებით ე.წ. სამხრეთ ოსეთის განცხადებას საზოგადოების დაბნევის მცდელობად აფასებს

აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კელი დეგნანი საზოგადოების დაბნევის მცდელობად აფასებს ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილი დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადასვლის მიზეზეზად ღამურების მოძებნას და შემდგომ ლუგარის ლაბორატორიისთვის 5000 აშშ დოლარად რეალიზაციას ასახელებს.

“ეს არის კიდევ ერთი მცდელობა საზოგადოება შეიყვანონ დაბნეულობაში, ძირი გამოუთხარონ საზოგადოების ნდობას ამ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრის მიმართ. მე დღეს გახლდით იქ და მივიღე მონაწილეობა სტაჟირების დასრულების ცერემონიაში, სადაც ორმა არაჩვეულებრივმა ქართველმა მეცნიერმა გაიარა სტაჟირება. გვქონდა შესაძლებლობა ლუგარის ცენტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დამეთვალიერებინა. მართლაც, ის სამუშაო, რასაც ისინი ასრულებენ, არაჩვეულებრივი და შთამაგონებელია. ვფიქრობ, ქართველებმა უნდა იამაყონ ამ ცენტებით და მათი საქმიანობით. არაჩვეულებრივმა გუნდმა, რომელსაც ხელმძღვანელობენ ამირან განყრელიძე და პაატა იმნაძე, შეძლეს ძალიან კარგად გამკლავებოდნენ უპრეცედენტო კრიზისს COVID-19-თან დაკავშირებით. ლუგარის ცენტრმა უდიდესი როლი შეასრულა”, -აცხადებს კელი დეგნანი.

ცნობისთვის, ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ ინფორმაციით, 3 ივლისს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილი დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადასვლის მიზეზეზად ღამურების მოძებნას და შემდგომ ლუგარის ლაბორატორიისთვის 5000 აშშ დოლარად რეალიზაციას ასახელებს.