დიპლომატიური მცდელობები 100-ზე მეტი მძევლის ჰამასის ტყვეობიდან გასათავისუფლებლად ძლიერდება.
როგორც ჩანს, ძირითადი ყურადღება ეთმობა ქალების და ბავშვების გათავისუფლებას, როგორც ისრაელის მოქალაქეების, ისე უცხოელების. სანაცვლოდ საუბარია ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელი ქალებისა და ბავშვების გათავისუფლებაზე.
დიპლომატმა, რომელიც მოლაპარაკებების შესახებ არის ინფორმირებული, განუცხადა BBC-ს, რომ მოლაპარაკებები იმართებოდა ყატარის მონაწილეობით, სადაც ჰამასის ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი იმყოფება.
ამ პროცესის კოორდინატორად აშშ დასახელდა. მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს დაჯგუფება ისლამური ჯიჰადი, რომელმაც 30-მდე მძევალი აიყვანა.
ისრაელიც და ჰამასიც საჯაროდ უარყოფენ, რომ რაიმე მოლაპარაკება მიმდინარეობს დატყვევებული მძევლების გასათავისუფლებლად. თუმცა, BBC-ის დიპლომატიური წყაროს თქმით, მოლაპარაკებები დაჩქარდა.