ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ცაჩი ჰანეგბი აცხადებს, რომ პირველი ისრაელელი მძევლები პარასკევამდე არ გათავისუფლდებიან.
თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ ჰამასსა და ისრაელს შორის შეთანხმების შესაბამისად, პირველ მძევლებს ხუთშაბათს გაათავისუფლებდნენ.
ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისში ასევე აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმების ამოქმედებამაც პარასკევამდე გადაიწია.
ჰამასის მაღალჩინოსანმა მუსა აბუ მარზუკმა 22 ნოემბერს თქვა, რომ შეთანხმება ძალაში ხუთშაბათს, დილის 10 საათზე შევა. მაგრამ ჰანეგბიმ თავის ბოლო განცხადებაში აღნიშნა, რომ “ჩვენი მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებები მუდმივად მიმდინარეობს.”
“გათავისუფლება დაიწყება მხარეებს შორის თავდაპირველი შეთანხმების შესაბამისად, მაგრამ არა პარასკევამდე,” – თქვა მან.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ მძევლების გათავისუფლების პროცესი პარასკევს დილით დაიწყება, სანამ მხარეები საბოლოო ლოგისტიკურ დეტალებს განიხილავენ. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივნის, ადრიენ უოტსონის განცხადებაშია აღნიშნული.