მძიმე რკინა მომხვდა ფეხში, ათამდე პოლიციელმა გადამიარა – ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა, პარლამენტთან, სამართალდამცავებთან დაპირისპირებისას ფეხი დაიზიანა.
“მადლობა პატრულს. პრინციპში, ფეხების დამტვრევას ვიმსახურებდი როგორც ანტისახელმწიფოებრივი ელემენტი, მაგრამ მძიმე დაბეჟილობით და ნაღრძობით გადავრჩი” – წერს ნინო ჯანგირაშვილი ერთ-ერთი საავადმყოფოდან.
”რადგან ბევრი კითხვაა, ერთბაშად ყველას გიპასუხებთ და აღვწერ მოკლედ სად, როგორ და როდის დამიზიანდა ფეხი: როგორც ნახეთ, პარლამენტის უკანა შესასვლელთან ჟურნალისტები ვიდექით, რომლებსაც არ გვიშვებდნენ პარლამენტში.პოლიცია გაშმაგებული იცავდა შენობას ჩვენი, ჟურნალისტების შესვლისგან. ერთ–ერთ კართან ვიდექით მე და ვატო წერეთელი. ამ დროს გაიღო შიგნიდან კარი. ატყდა ჩოჩქოლი, მოვარდა პოლიცია, ვატო შევიდა, მე შევრჩი ხელში. გადამიარეს და გადამჯეგეს, რაღაც მძიმე რკინა მომხვდა ფეხში და + ათამდე პოლიციელმა გადამიარა. სულ ეს არის.” – წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.