მწვერვალ შხელდაზე უბედური შემთხვევის შედეგად 34 წლის ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა.
შემთხვევა გუშინ, 11 აგვისტოს მოხდა.
“მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი პირი სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო კი, დარჩენილი სამი პირი ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს” – წერდა შსს 11 აგვისტოს და აღნიშნავდა, რომ “დაკარგული მთამსვლელის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში” მიმდინარეობდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, მწვერვალ შხელდაზე მყოფი 3 მთამსვლელი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადაიყვანეს, ერთის სამძებრო სამუშაოები კი მიმდინარეობდა.
არჩილ ბადრიაშვილი, “ოქროს წერაყინის” მფლობელი იყო, ჯილდო მან, 7303 მეტრი სიმაღლის მწვერვალის „სარაგრარი ჩრდილო-დასავლეთის“ (Saraghrar Northwest) დალაშქვრით მოიპოვა, სადაც აქამდე ფეხი არავის დაუდგამს და რომელიც ერთ-ერთ ურთულეს მარშრუტად მიიჩნევა.
ასევე, ბადრიაშვილი ერთ-ერთი პირველი ალპინისტი იყო, რომელმაც, ჰიმალაის მთებში ქართული გზა გაკვალა. სიდიდით მსოფლიოს რიგით მერვე მთის მანასლუს (8156) იგივე “სულის მთის” სიახლოვეს მდებარე მწვერვალი ლარკია.