გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას სისტემის მიერ მძევლად აყვანილ ლაზარე გრიგორიადისს. ოჯახური კონფლიქტის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ, ლაზარე გრიგორიადისთვის წელიწადი და 6 თვე მიესაჯა, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება მას სამაგალითოდ სჯის.

ლაზარე გრიგორიადისი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მარტის აქციების მონაწილე და ქართველი ახალგაზრდების ევროკავშირისათვის ბრძოლის სიმბოლოა. მარტის აქციებმა ქართული ოცნების რუსული მიზნების სრული ლუსტრაცია მოახდინა. ამიტომ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ახალგაზრდა თაობაში მუხტი ისევ შიშის დათესვით ჩააქროს. თაობაში, რომელიც რუსეთში ცხოვრებას არასდროს შეეგუება.

სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება ნათლად აჩვენებს საქმის პოლიტიზებულობას და ცინიკურობას. ოჯახური კონფლიქტის საქმე, რომლის დროსაც ლაზარე არასრულწლოვანი იყო, 2 წლის განმავლობაში თაროზე იდო. საქმეზე განაჩენი სწორედ ახლა, 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვისას გამოიტანეს. ეს ყველაფერი კი ხდება იმ ფონზე, როცა თავად ქართული ოცნების ორგანიზებული ძალადობრივი და რადიკალური ჯგუფების მიერ ჩადენილი არცერთი დანაშაული ბოლომდე არ გამოძიებულა“,

პარტია გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა საქალაქო სასამართლოს მიერ ლაზარე გრიგორიადისისთვის გამოტანილ განაჩენს განცხადებით ეხმაურებიან და ლაზარე გრიგორიადისს მხარდაჭერას უცხადებენ.