რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი მხარს უჭერს “ქართული ოცნების” მიერ აღებულ ურთიერთობის ნორმალიზების კურსს. ამის შესახებ რუსმა დიპლომატმა გამოცემა Труд-თან ინტერვიუში განაცხადა.
მან აღნიშნა, “ქართველი პარტნიორები” ხანდახან ანტირუსულ “კარტს ათამაშებენ”.
ლავროვის თქმით, რუსეთი საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების მომხრეა.
“მხარს ვუჭერთ ქართული ოცნების მიერ აღებულ ურთიერთობების ნორმალიზების კურსს. ჩვენი პოზიცია ასეთია: რაც უფრო მეტია ნორმალიზაცია, მით უკეთესი. არავითარი შეზღუდვა რუსეთის მხრიდან არ არსებობს. თუმცა, ჩვენი ქართველი პარტნიორები პერიოდულად ანტირუსულ კარტს ათამაშებენ, რაც არათანმიმდევრულია.
სამწუხაროდ დადებითი დინამიკა, რომელიც არსებობდა წლების განმავლობაში, 2019 წლის ივნის-ივლისის მოვლენების გამო შეწყდა, მაშინ როდესაც ნაციონალ-რადიკალების ქმედებების გამო, რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეაჩერა. ვიმედოვნებთ, რომ ფრენების აღდგენის საკითხი უახლოესი მომავალის საკითხია”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.