”რასაც ის ამით ქართველ ხალხს აჩვენებს, არის, რომ მხარს უჭერს ძალადობრივი გადატრიალების ორგანიზატორებს და რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ცარიელი ფრაზაა” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
“რომ იცოდეთ, ქუჩა, სადაც ეუთოს თავმჯდომარე, რომელიც, ასევე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრია, დგას, არის დედაქალაქის მთავარი გამზირი. თქვენ ხედავთ რამდენიმე ათეული რადიკალის შეკრებას, რომლებიც რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ და 25 პოლიციელს დაზიანება მიაყენეს, მათ შორის ორს – მძიმე და კანონის დარღვევით გზა გადაკეტეს.საქართველოს კანონმდებლობა, ეუთოს სხვა ნებისმიერი წევრი ქვეყნის მსგავსად, ნებისმიერ ადგილას შეკრების უფლების გარანტიას იძლევა, ხოლო გზის გადაკეტვა მხოლოდ მაშინ არის დაშვებული, როდესაც სამანქანო გზის მიმდებარე ტერიტორია ადამიანების დიდ რაოდენობას ვეღარ იტევს. ფინელმა მინისტრმა შესაძლოა ამის შესახებ არ იცოდეს, მაგრამ ის ვერ დაასახელებს ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც ეს უფლება ბოლო 13 წლის მანძილზე საქართველოს სახელმწიფოს მიერ დაირღვა.ასევე, მინისტრის უკან, ხედავთ პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედანს, სადაც მშვიდობიანი შეკრების მიზნით, გზის გადაკეტვის გარეშე, ადამიანების იმაზე ათჯერ დიდი რაოდენობა შეიძლება შეიკრიბოს, ვიდრე ეს რამდენიმე ათეული ადამიანი და მათ შორის თავად ფინეთის მინისტრი, რომლებიც გზას კეტავენ.ფინელი მინისტრი და ეუთოს თავმჯდომარე სწორედ ამ ადგილას არღვევს საქართველოს კანონმდებლობას. აღნიშნული, ასევე, ვენის კონვენციის 41-ე მუხლის დარღვევას წარმოადგენს, რაც, ირონიულია, იმიტომ რომ იმავე ქალაქში მიიღეს, სადაც ეუთოს შტაბ-ბინაა განთავსებული.ამით ის ქართველ ხალხს აჩვენებს, რომ მხარს უჭერს ძალადობრივი გადატრიალების ორგანიზატორებს და რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ცარიელი ფრაზაა.” – წერს პაპუაშვილი