მხატვარ სანდრო სულაბერიძის საქმეზე შსს–მ გამოძიება შეწყვიტა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელოვან სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ფაქტზე დანაშაულის ნიშნები არ არსებობდა, რის გამოც საქმეზე გამოძიება შეწყდა.

„2023 წლის 4 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება საქართველოს ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრციდან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის ქურდობის ფაქტზე. შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყეს.

საქმის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების შემდეგ, საქმეზე გამოძიება შეწყდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სანდრო სულაბერიძე საქართველოს ეროვნული გალერიის მიერ ორგანიზებული გამოფენის “ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე იყო. გამოფენის მიმდინარეობისას, მან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და კედელზე დატოვა წარწერა – ,,ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“. კულტურის სამინისტროს მიმართვის შემდეგ შსს–მ მხატვრის მიმართ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.