მხედველობაში ვიღებთ, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში შეურაცხმყოფელ გარემოში მოხვდა – ჰარცელი

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, “მხედველობაში იღებენ”, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში შეურაცხმყოფელ გარემოში მოხვდა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ექსპრეზიდენტის ციხეში ყოფნის ამსახველი ვიდეოები და პირადი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები, რის გამოც მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად აღებული ვალდებულებების სრულად შესრულება.

“რაც შეეხება ბატონი სააკაშვილის უფლებებს, როგორც ადამიანის, რომელიც სასამართლოს წინაშე წარდგება, მხედველობაში ვიღებთ, რომ დღეს, ბატონი სააკაშვილს არ მიეცა თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესზე პირადად დასწრების უფლება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო.

ამ კონტექსტში შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, ყველას, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალი ედება, რიგ მინიმალურ უფლებებს შორის, უფლება აქვს თავი დაიცვას პირადად ან მის მიერ არჩეული სამართლებრივი დახმარების საშუალებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ბატონი სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეზე უზრუნველყოს გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესის ჩატარება დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოში”,– აცხადებს ჰარცელი IPN-თან ინტერვიუში.

ელჩი აღნიშნავს, რომ “მხედველობაში ასევე იღებენ ენმ-ს ხელმძღვანელობის კონსტრუქციულ ვალდებულებას, არ გამართოს საპროტესტო აქციები ნებისმიერი საავადმყოფოს მახლობლად, სადაც შესაძლოა ბატონი სააკაშვილი გადაიყვანონ.

ევროკავშირის ელჩი ასევე აცხადებს, რომ კონსილიუმის რეკომენდაციები ჯერ სრულად არ შესრულებულა და მოუწოდებენ ხელისუფლებას, უზრუნველყონ მათი შესრულება.