მხოლოდ უკრაინა არ იქნება რუსეთის გავლენის ქვეშ, ვიფიქროთ საქართველოზე, მოლდოვაზე – ჯონსონი

მხოლოდ უკრაინა არ იქნება რუსეთის გავლენის ქვეშ, ვიფიქროთ საქართველოზე, მოლდოვაზე – დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთი ევროპის უსაფრთხოების რუკის თავიდან დახაზვას ცდილობს. ამის შესახებ ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

”ეს არ არის სადაზვერვო სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რომელსაც ვხედავთ. ეს არის აშკარა და არსებული საფრთხე. ვხედავთ დიდი რაოდენობით სამხედრო შენაერთებს, ვხედავთ მზადებას სხვადასხვა ოპერაციისთვის, რომლებიც შეესაბამება გარდაუვალ სამხედრო კამპანიას.

მიზეზი, რის გამოც ვფიქრობთ, რომ ასეთი მნიშვნელოვანია, დიდი ბრიტანეთმა შეასრულოს თავისი როლი დასავლეთის გაერთიანებაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უკრაინაა და ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მაგრამ საკითხი უფრო ფართოა, ვშიშობ, ეს ეხება ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას.

ვფიქრობ, ეჭვგარეშეა რის მიღწევას ცდილობს პრეზიდენტი პუტინი უკრაინისთვის იარაღის დამიზნებით, უკრაინის დაშინებით. [ის ცდილობს] შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა იმაზე რაც შესანიშნავი იყო. როცა ახალგაზრდა ვიყავი, ბერლინის კედელი დაინგრა. ევროპაში გვქონდა დოქტრინა, რომ ნებისმიერი ქვეყანა თავისუფალი იყო აერჩია დამოუკიდებლობა, სუვერენული ბედი. ეს შესანიშნავი იყო. ახლა რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს ამ მიღწევას და შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების რუკა, შემოიღოს ახალი იალტა, შემოიღოს გავლენის ახალი სფეროები. მხოლოდ უკრაინა არ მოხვდება რუსეთის ახალ გავლენის სფეროში, უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, მოლდოვაზე, სხვა ქვეყნებზე.

კრიტიკული მომენტია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის გვერდით დავდგეთ.”-აცხადებს ჯონსონი.