” მხოლოდ უკრაინის გამარჯვება”– ასე პასუხობს მოლაპარაკებების შესახებ მოსკოვის მორიგ განცხადებას ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი.
შაბათს დილით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი ვერშინინმა რუსულ ტელეარხ „ზვეზდასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ წინაპირობების გარეშე და „არსებული რეალობის საფუძველზე“. ის ამბობს, რომ სინამდვილეში გადაწყვეტილებები არა კიევში, არამედ სხვაგან– კერძოდ, ვაშინგტონში და ბრიუსელში მიიღება და მიმართვის ადრესატებიც ისინი უნდა იყვნენ.
„დიახ, კლასიკა ამბობს, რომ ნებისმიერი საომარი მოქმედებები მოლაპარაკებებით მთავრდება და ბუნებრივია, ჩვენ უკვე ვთქვით, რომ მზად ვიქნებით ასეთი მოლაპარაკებებისთვის. მაგრამ მხოლოდ მოლაპარაკებებისთვის წინაპირობების გარეშე, რეალობაზე დაფუძნებული მოლაპარაკებებისთვის, და იმ მიზნების გათვალისწინებით, რომლებიც ჩვენს მიერ საჯაროდ იყო გაცხადებული. შესაძლებელია თუ არა ასეთი მოლაპარაკებები, ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ მკაფიოდ ვთქვით ჩვენი პოზიცია. ვნახოთ ბატონი ბაიდენი თუ გამოიჩენს წინდახედულებას და სიბრძნეს.,
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველის, მიხაილ პოდოლიაკის აზრით ეს განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ კრემლთან მოლაპარაკება გამორიცხულია.
„მშვიდობისა და მოლაპარაკებების რეგულარულ რიტორიკაში კრემლი ამბობს, რომ არ დატოვებს [ოკუპირებულ] უკრაინის ტერიტორიებს და არ აგებს პასუხს მის დანაშაულებზე. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მოლაპარაკებები გამორიცხულია. მხოლოდ უკრაინის გამარჯვება, წინააღმდეგ შემთხვევაში ომი ევროპაში არ დასრულდება და რუსეთი კრიმინალურად გაბატონდება მსოფლიოში“, – წერს პოდოლიაკი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.