ნუ, ოპოზიცია ამ კვლევებს არ აღიარებს, მაგრამ ერთმანეთის მიყოლებით ერთიანდებიან, რომ რამენაირად სცადონ 5%-იანი ბარიერის გადალახვა. თუ არ აქვთ ბარიერის გადალახვის პრობლემა, რატომ ერთიანდებიან ასე ერთმანეთის მიყოლებით. რეალურად, სურათი რაც არის, თვითონაც კარგად იციან და სურათი არის ზუსტად ასეთი – ჩვენ გვაქვს ჩვენი კვლევები, რასაც კომპანია ატარებს და სურათი არის მსგავსი. მე გადავიანგარიშე და რომ ავიღოთ GORBI-ს კვლევა, 107 მანდატი გამოგვდის GORBI-ს კვლევით, ოპოზიციას გამოსდის 43 მანდატი. ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ 6 მანდატი გვაკლია საკონსტიტუციო უმრავლესობამდე, ამ მონაცემებით და ვფიქრობ, რომ ეს დანაკლისი თავისუფლად აღმოფხვრადია. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ვიყოთ მობილიზებულები და სწორი კამპანია წარვმართოთ. ასეთ შემთხვევაში 113 მანდატის მიღება თავისუფლად შესაძლებელია. GORBI-ს მონაცემები ამას გვეუბნება, ჩვენი კომპანიის მიერ მოწოდებული მონაცემები ამას გვეუბნება, შესაბამისად, აბსოლუტურად რეალურია ქართული ოცნების მიერ 113 მანდატის მიღება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება.