ნავალნის ცხედარი დედას გადასცეს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას გადასცეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას მისი პრესმდივანი, კირა იარმიში ავრცელებს.

“ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას გადასცეს. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამას ითხოვდა ჩვენთან ერთად. ჯერჯერობით ლუდმილა ივანოვნა სალეხარდშია. დაკრძალვა ჯერ წინ გვაქვს. ჩვენ არ ვიცით, შეუშლის თუ არა ხელისუფლება ხელს მათ ჩატარებას ისე, როგორც ეს ოჯახს უნდა და როგორც ამას ალექსეი იმსახურებს. მოგაწვდით ახალ ინფორმაციას, როგორც კი ის გვექნება.“

ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამომძიებლები ნავალნის დედას აშანტაჟებდნენ და მოითხოვდნენ შვილის დაკრძალვა საიდუმლოდ ჩაეტარებინა.

მათ ლუდმილა ნავალნაიას ულტიმატუმი წაუყენეს, რომ ის საიდუმლო დაკრძალვას დათანხმებოდა. ულტიმატუმის მიხედვით თუ დედა პირობას არ დათანხმდებოდა, ნავალნის კოლონიაშივე დაკრძალავდნენ.

ნავალნის თანაგუნდელების თქმით, დედა ამ გარიგებაზე არ წავიდა და კანონის დაცვა მოითხოვა, რომელიც გამომძიებლებს ავალდებულებს სიკვდილის მიზეზების დადგენიდან 2 დღის ვადაში ცხედარი ოჯახს გადასცენ.

რუსი ოპოზიციონერი სასჯელაღსრულების კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე არ კონკრეტდება.