ნავთობის ფასის ვარდნა ქვეყნისთვის ძალიან ცუდია, ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ – სოსო ფხაკაძე

საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ნავთობის ფასის მკვეთრი შემცირება ძალიან ცუდია, რადგან დამოკიდებული ვართ იმ ქვეყნებზე, რომლებიც ნავთობის ექსპორტიორები არიან.

ფხაკაძის თქმით, კორონავირუსის გამო საქართველომ სამი ტიპის შოკი განიცადა: მოთხოვნა-მიწოდების ერთდროული ვარდნა, ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნა და ეროვნული ვალუტის გაუფასურება.

,,როგორც ერთობლივი მოთხოვნის, ისე ერთობლივი მიწოდების მრუდმა ქვემოთ გადაინაცვლა, რაც უპრეცედენტოა და ძალიან დიდი შოკია მოთხოვნა-მიწოდების კუთხით. მეორე დიდი შოკი, რაც ყველა ქვეყანას არ აქვს ისე, როგორც ჩვენ და აუცილებელად უნდა აღინიშნოს, ეს არის ნავთობის ფასიდან გამომდინარე შოკი.

მე დარწმუნებული ვარ, რომ კორონავირუსი გადავა, მაგრამ თუ ნავთობის ფასები ზევით არ წავიდა, ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, რომ ძალიან ვართ დამოკიდებული იმ ქვეყნებზე, რომლებიც ნავთობის ექსპორტიორები არიან. ეს არის გადამწყვეტი და მე პარალელი გავავლე, რა ხდებოდა 2014, 2015, 2016, 2017 წლებში, როგორი დარტყმა მიაყენა არა მარტო ბიზნესს, არამედ მოსახლოებას. მესამე ფაქტორი, რაც მიმდინარე პერიოდში არც დასავლეთ ევროპას და არც ამერიკას განუცდია, იყო ის, რომ ამ ყველაფერს დაემთხვა არასტაბილურობა შიდა სავალუტო ბაზარზე. ლარის კურსი იყო 2.8 და გახდა 3.2. ლარის დევალვაციის ახალი ტალღა ბიზნესისთვის არის მკვლელი და შოკების ამპლიტუდა დიდია“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ვისოლ პეტროლიუმისთვის, რომელიც მის ჯგუფში ერთ-ერთი კომპანიაა, ნავთობზე ფასის ვარდნა კარგია, რადგან რაც უფრო იაფია საწვავი, ის უფრო მეტად იყიდება.

ცნობისთვის, 20 აპრილს WTI-ის მარკის ნავთობის ფასი, ისტორიაში პირველად, 1 დოლარზე ნაკლებ ნიშნულამდე დაეცა. დღევანდელი მონაცემებით, მისი ღირებულება $10.24-ია.