”ნათელაშვილის ფანჩატურში შევიდნენ, რადიკალურ ოპოზიციად, გამოვიდნენ, ანარქისტებად”- ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ბედი მასზეა დამოკიდებული.
“თავად ნიკამ მელიაზეა დამოკიდებული მისი ბედი. კანონის აღსრულება არის ის ერთადერთი ქმედება, რომელზეც დამოკიდებულია ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არდამძიმების საკითხი. დღეს და წინა დღეების განმავლობაშიც, ისინი ცდილობდნენ წარმოეჩინათ, თითქოს მორალი კანონის აღსრულებასთან წინააღმდეგობაში მოდის. წარმოუდგენელია, არ შეიძლება მორალი იყოს კანონის ჩარჩოებიდან გასვლის მხარეს. ასეთი ლოგიკა ქაოსისკენ, სახელმწიფოს დანგრევისკენ არის მიმართული, ეს ძალიან კარგად იციან და ამას შეგნებულად აკეთებენ.
დღესაც იგივე მოხდა, როდესაც ისინი შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში რაღაც შეკრებაზე შევიდნენ, როგორც ჩვეულებრივი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და გამოვიდნენ, როგორც ანარქისტები. ფიზიკურ ზეწოლას თუ დაპირისპირებას აანონსებენ, რისკენაც მოუწოდებენ თავიანთ მხარდამჭერებს თუ თანაგუნდელებს, ეს დაუშვებელია. გასაგებია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჰუმანურია, ზოგად, ეს ნიშა გვიჭირავს და ასეც ვაპირებთ გაგრძელებას, მაგრამ კანონის ჩარჩოებიდან გასვლა არის ის „წითელი“ ზღვარი, რომელსაც ბუნებრივია, ვერცერთი ხელისუფლება ვერ დაუშვებს, როდესაც ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე დგას. მათი სპეკულაციური მესიჯები სპეკულაციურ მესიჯებად დარჩება“, – განაცხადა მდინარაძემ.