ნათელაშვილი: გულისტკივილს გამოვხატავ კოლეგების გამო, რომლებმაც დაამთავრეს პოლიტიკა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი გულისტკივილს გამოხატავს იმის გამო, რომ ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებაზე ხელი მოაწერა. მისი თქმით, ეს კელი დეგნანის “სპეცოპერაცია იყო” ბიძინა ივანიშვილის გადასარჩენად.

“გუშინ განხორციელდა სპეცოპერაცია, რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის გადასარჩენად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ტრამპის მიერ დანიშნული აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოს არ ჰყავს არავითარი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე, საქართველოს ხელისუფლებას ჰყავს მფარველებიც, მოკავშირეებიც და ზურგის გამმაგრებლებიც.

ჩვენ ერთმანეთი გვყავს მოკავშირეებად და ან გავიტანთ ერთმანეთს, ან საქართველოს ფერი მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე თანდათანობით ჩაქრება და ამ ცოდვას ჩვენ ასი და ათასი წლის შემდეგ, სამუდამოდ, ძვლებზე აღბეჭდილს წავიღებთ იმქვეყნად.

მე გულისტკივილს გამოვხატავ ჩემი ძვირფასი კოლეგების გამოც, რომლებმაც გუშინ დაამთავრეს პოლიტიკა იმ ხელმოწერის შედეგად, რაც ჩემთვის ტრაგიკულია, რადგან ეს თვეები მაქსიმალურად ვეფერებოდით ერთმანეთს და შედეგად საქართველო დავაბრუნეთ საერთაშორისო რადარებზე, მსოფლიო კვლავ ავალაპარაკეთ ჩვენი სიმტკიცით და ერთიანობით, დემოკრატიის სურვილით და მაინც ვერ ავიცილეთ არასასიამოვნო შედეგი”,– ამბობს ნათელაშვილი ბრიფინგზე.

ის აშშ–ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდებს, “გაწმინდოს ამერიკული დიპლომატია პროტრამპისტური ელემენტებისგან”.