ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა და ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა ცესკოს არჩევნების მეორე ტურიდან კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით მიმართა.
ნათელაშვილი ნაძალადევის ამომრჩეველს მადლობას უხდის და მოუწოდებს, არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ.
“მე მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩემს ნაძალადეველებს, ჩემო ძვირფასებო, იცოდეთ, რომ ნამდვილი არჩევნები წინ გველოდება, სადაც თქვენს ნებას ვერავინ გააყალბებს და მანამდეც და მის შემდეგაც მე თქვენი ოჯახის წევრი ვარ, თქვენი დეპუტატი ვარ და ნებისმიერ საკითხზე თქვენს გვერდით ვდგავარ, მაგრამ ახლა ჩვენ ყველაფერი უნდა ვქნათ იმისთვის, რომ ბოროტმოქმედების მეორე ტური არ შედგეს, ხალხი არ მივიდეს არჩევნებზე”, – თქვა ნათელაშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ისინი მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.