“ნათურაც კი არ აქვთ დაკიდული” – ხაბეიშვილის თქმით, კალაძე მეტროს შემკეთებელ კომპანიებთან კორუფციაშია ჩართული

ენმ-ს და თბილისის საკრებულოს წევრი, ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერს, კახა კალაძეს კორუფციაში ადანაშაულებს. მისი თქმით, თბილისში მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ის კომპანიები ახორციელებენ, რომლებსაც მაღალი ძაბვის კაბელებზე მუშაობის გამოცდილება არ აქვთ და ,,ნათურაც კი არ აქვთ დაკიდული”.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ ამ კომპანიებს შორის არის „ეიჯი გრუპი“, რომლის დირექტორიც ალექსანდრე ხუციშვილია. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ის სპორტის ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის და ფეხბურთელ გიორგი ნემსაძის ბიზნეს პარტნიორიცაა.

ერთ-ერთი კომპანია, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, ხაბეიშვილის მტკიცებით, რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა და ძაბვის კაბელებზე მუშაობის გამოცდილება არ აქვს.

,,კითხვა გვაქვს ლეგიტიმური, როგორ აღმოჩნდა, რომ მაღალი ძაბვის კაბელებთან მუშაობენ ყოფილი ფეხბურთელები, მაგალითად, გიორგი ნემსაძე, ან ტარიელ ხეჩიკაშვილი და მასთან დაკავშირებული კომპანიები. ოთხი კომპანიიდან ორს საერთოდ არანაირი გამოცდილება არ აქვს, მეტიც, ერთო 2020 წლის თებერვალშია დაფუძნებული და მაისში უკვე მეტროში ჩაუშვეს. ეს ხალხი დირექტორიანად არც კი იგუგლება, რომ ნათურა მაინც აქვს შეცვლილი. რომელიც იგუგლება, ამ კომპანიის დირექტორი არის გიორგი ნემსაძის და ტარიელ ხეჩიკაშვილის ბიზნესპარტნიორი და “იბერია ავტოს” დირექტორიც, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

,,კორუმპირებულები, თაღლითები, მაიმუნები და „მეტრუპეები“ სად უნდა მოიკითხოთ ჩემზე უკეთესად იცით”, – ასე პასუხობს თბილისის მერი ოპოზიციის კრიტიკას.

მისი განმარტებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია თურქულია და სამუშაოების ხარისხიანად შესრულების ვალდებულება აქვს.

,,ეს კონკრეტული ტენდერი გამოცხადებული იყო მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან. ეს არის აზიის განვითარების პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია თურქულია და ახორციელებს სამუშაოებს და აქვს ვალდებულებები ჩვენთან რომ ეს სამუშაოები ხარისხიანად შესრულდეს. სამუშაოები 2020 წლის ზაფხულში დამთავრდება“, – განაცხადა კალაძემ.