„გახარია საერთოდ ვერავის პასუხისმგებლობაზე ვერ ისაუბრებს, როდესაც თვითონ უპასუხისმგებლოდ ადგა და გაიქცა. ახლა ბერლინიდან „მოძღვრავს“ იმ ადამიანებს, რომლებიც აქ ყოველდღიურ ბრძოლაში არიან და საკუთარი თავისუფლებით, საკუთარი სიცოცხლით, ჯანმრთელობით იბრძვიან რეჟიმის წინააღმდეგ. ამიტომ, ამ პროცესში თუ ვინმე არის უპასუხისმგებლო და მშიშარა, ეს ნამდვილად არის ბერლინში გაქცეული ყოფილი „სუპერძალოვანი მინისტრი“, როგორც მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ეძახდნენ. ეს პროცესი არის ძალიან კარგი იმითაც, რომ ბევრი რამის კრისტალიზება ხდება, მათ შორის ოპოზიციურ ფლანგზე. ყველა ადამიანი ამ პროცესში ავლენს საკუთარ თავს, შესაძლებლობებს და საკუთარ მოტივებს. ჩემთვის საერთოდ უინტერესოა გახარიას პოზიცია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. ყველას უნდა ესმოდეს, 4 ოქტომბერი არ არის კონკრეტულად ერთი ადამიანის სურვილზე ჩამოკიდებული დღე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა პოზიცია ექნება გახარიას, რომელმაც გაცხადებულად თქვა, რომ შესაძლოა განიხილავდეს პარლამენტში შესვლასაც. რეალურად, აღიარა, რომ მზად არის, საკუთარი ტყავის გადარჩენისთვის მთელ ამ პროცესს უღალატოს. გახარია ჩვეულებრივ ნაწილია იმ რუსული პროექტის, როდესაც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს გუნდს წარმოადგენდა და ზუსტად ისეთივე რუსულ პროექტად დარჩა ოპოზიციაში და დარჩა „ტროას ცხენად“. ამიტომ, ნაკლებად გვაინტერესებს „ტემუდან“ გამოწერილი ჩინური „ქოცები“ გახარიას სახით, რას იტყვიან 4 ოქტომბერზე. 4 ოქტომბერი არის საქართველოს მოქალაქეების, საქართველოს და საქართველოს სახელმწიფო დროშის გამარჯვების დღე. დარწმუნებული ვარ, მიუხედავად განსხვავებული პოზიციისა, ძალიან ბევრი მოქალაქე იქნება რუსთაველზე და დაიცავს ამ ქვეყნის თავისუფლებას“,
ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადება, რომლის თქმით, „არ შეიძლება, არჩევნების დღეს რევოლუციაზე და მშვიდობიან დამხობაზე ლაპარაკი“.