ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს რაკეტა რუსეთიდან გაუშვეს–ბაიდენი პოლონეთში ჩამოვარდნილ რაკეტაზე

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც  მსოფლიოს დიდი სახელმწიფოების ლიდერების საგანგებო შეხვედრას უძღვებოდა, განაცხადა, რომ რაკეტა, რომელმაც სამშაბათს ორი ადამიანი მოკლა აღმოსავლეთ პოლონეთში, დიდი ალბათობით, რუსეთიდან არ იყო გაშვებული.

ექსპერტები ჯერ კიდევ იძიებენ ინციდენტის გარემოებებს, მაგრამ პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ მას აქვს „წინასწარი ინფორმაცია, რომელიც აბათილებს ვარაუდს, რომ რაკეტა რუსმა სამხედროებმა გაუშვა.

მანამდე პოლონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც სოფელ პრჟევოდოვში ჩამოვარდა, რუსული წარმოების იყო.

„არ მინდა ამის თქმა, სანამ სრულ გამოძიებას არ ჩავატარებთ, მაგრამ მისი ტრაექტორიის თვალსაზრისით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის რუსეთიდან გაუშვეს, მაგრამ ყველაფერი გაირკვევა- თქვა ბაიდენმა.

მან ასევე განაცხადა, რომ მსოფლიო ლიდერები  შემდგომ ნაბიჯებს მას შემდეგ გადაწყვეტენ, რაც გაირკვევა, რა მოხდა კონკრეტულად.

მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრამდე ბაიდენი თავის უახლოეს თანაშემწეებს – სახელმწიფო მდივან ბლინკენს და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ სალივანს ესაუბრა.

ბალიში, დიდი ოცეულის სამიტზე ჩასული მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ლიდერები საგანგებო შეხვედრაზე ბალიში შეიკრიბნენ,  რაკეტის ჩამოვარდნის ინციდენტის განსახილველად აღმოსავლეთ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

შესაძლოა G20 სამიტის ყველა სტუმრის გეგმები  გადაიხედოს პოლონეთში მომხდართან დაკავშირებით.

მსოფლიო ლიდერები გამუდმებით ტელეფონით ესაუბრებოდნენ თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს და განიხილავდნენ მათთან პოლონეთის საკითხს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა შეხვედრამდე პოლონეთის პრეზიდენტთან საუბარი მოახერხეს. ბაიდენი ასევე ესაუბრა ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს.

შეხვედრას, რომელსაც თეთრმა სახლმა „არაჩვეულებრივი მრგვალი მაგიდა“ უწოდა, ესწრებოდნენ შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, ესპანეთის, გერმანიის, კანადის, საფრანგეთის, იაპონიის და ნიდერლანდების ლიდერები.