ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები რიონის ხეობაში ბრუნდებიან

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები რიონის ხეობაში ბრუნდებიან. თბილისში მათი 4-დღიანი საპროტესტო აქციები დასრულდა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე კომპანია ენკას ჰესის მშენებლობაში ხელი შეუშალონ.

“ბრძოლა გაგრძელდება ნამახვანში და ეს იქნება, რა თქმა უნდა, არა ფიზიკური, არამედ უსისხლო ბრძოლა. ჩვენ ჩაბმული ვართ ამ უსისხლო ბრძოლაში უკვე ნახევარი წელია და ასე უსისხლოდ მივიტანთ ამას ბოლომდე. ჩვენ ვაწარმოებთ მორალურ ომს, როგორც ეს გუშინ აღვნიშნეთ და ამ მორალურ ომში ვართ გამარჯვებული ხელისუფლებასთან და ყველა იმ პერსონასთან მიმართებაში, რომელიც ტალახს გვესვრის და ცდილობს გაამარგინალოს ჩვენი ეს მოძრაობა”,– თქვა მან.

მანვე აღნიშნა, რომ თუ საჭირო გახდება, დედაქალაქში ისევ დაბრუნდებიან.