ნამდვილად არ ვაპირებ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი ვიყო – ომბუდსმენი

“ნამდვილად არ ვაპირებ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი ვიყო, ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე ვარ და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა მაქვს”  – სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, არ აპირებს, ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას, რადგან ახლა მნიშვნელოვან პოზიციაზე იმყოფება.

„ნამდვილად არ ვაპირებ კანდიდატი ვიყო, ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე ვარ და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა მაქვს კიდევ მინიმუმ, წელიწადნახევარი. თუმცა, მინდა მოვუწოდო და წავახალისო ყველა ის ადამიანი, ვინც შესაძლოა, იყოს დამოუკიდებელი აქტორი ამ პროცესში, რომ შეიტანოს განაცხადი. ვიცი, რომ ძალიან შემოკლებული ვადებია, პრაქტიკულად ორშაბათამდე უნდა დარეგისტრირდნენ კანდიდატები და ვფიქრობ, ეს ძალიან სერიოზული გამოწვევა, ბარიერია, რომ ადამიანებმა ასე მოკლე ვადებში მიიღონ გადაწყვეტილება ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობის თაობაზე. ცესკო-ს თავმჯდომარეს ბევრი თვისება სჭირდება, ძალიან რთული პერიოდია, თუმცა, ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვნია, მას ჰქონდეს გამოცდილება, წარსული, გაუძლოს სტრესულ სიტუაციაში მუშაობას, ანუ მუშაობას, როცა მასზე ხორციელდება ზეწოლა ხელისუფლების, თუ სხვა პოლიტიკური აქტორების მხრიდან, მისმა სამუშაო გამოცდილებამ უნდა დაადასტუროს, რომ ის ახერხებდა ნეიტრალურად, მიუკერძოებლად ემუშავა და გამკლავებოდა ამ სტრესულ ვითარებას“, – განაცხადა ლომჯარიამ.