ნამოხვანში ჰესის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა მონაწილეს მდინარეში ეძებენ. 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ადიდებულ რიონში გადახტა.
როგორც მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტებმა „რეგინფოს“ უთხრეს, მამაცაცი, რომელმაც თავი მოიკლა, მეგობართან ერთად ნამოხვანში გუშინ თბილისიდან ჩავიდა და კარავში მხოლოდ ერთი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა. ამიტომ, აქტივისტები მას კარგად არ იცნობდნენ. დაახლოებით ერთი საათის წინ, მამაკაცმა თავისი ტელეფონი მდინარის პირას მყოფ ერთ-ერთ აქტივისტს მიაწოდა და დაუბარა, რომ ტელეფონი მისი მეგობრისთვის მიეცათ, რის შემდეგაც წყალში გადახტა.
მდინარე რიონი ადიდებულია. იქვე მყოფებმა ახალგაზრდა კაცის გადარჩენა სცადეს, მაგრამ მამაკაცი მდინარის სიღრმისკენ მიცურავდა, ბოლოს კი დინებამ წაიღო. ცხედარი ამ დრომდე არ უპოვიათ.