დღეს, 12 ივნისს ნამახვანჰესის საკითხზე მედიაციის პროცესი იწყება. შეხვედრას ჩაატარებს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრი.პროექტში ჩართული მხარეები თავის პოზიციებს გამოხატავენ და იმ საკითხებს გამოკვეთენ, რომელთა განხილვაც მომავალში დიალოგის გზით მოლაპარაკების მაგიდასთან იქნება შესაძლებელი.
როგორც ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე საკითხებს შინაარსობრივად არ განიხილავენ და მხარეები უბრალოდ დააყენებენ საკუთარ პოზიციებს, რის მიხედვითაც განისაზღვრება, რამდენად შესაძლებელი იქნება პროცესის გაგრძელება.
„დღევანდელ დღეს აქვს ის მიზანი, რომ დავაყენოთ მხარეებმა ჩვენი პოზიციები და შემდეგ განისაზღვრება, რამდენად შესაძლებელია ამ პროცესის გაგრძელება, ანუ მედიაციის დაწყება. დღევანდელი დღე არ არის საკითხების შინაარსობრივი განხილვა. დღევანდელი დღე ემსახურება იმას, რომ მხარეებმა ჩვენი პოზიციები ვთქვათ.
დღის წესრიგით რაცაა გაწერილი, დღევანდელი დღე არ არის მედიაცია. არ იწყება შინაარსობრივი საუბარი საკითხებზე, უბრალოდ დავაყენებთ საკითხებს და ვნახავთ, რამდენად შექმნის ეს იმის წინაპირობას, რომ უშუალოდ მედიაციის პროცესი დავიწყოთ, რა პირობები ექნება სახელისუფლებო მხარეს, რამდენად იქნება თანხვედრაში.
ჩვენ ბოლო შეხვედრაზეც, რომელიც ქუთაისში გაიმართა პრემიერის წარმომადგენლებთან, იქაც გვქონდა საუბარი იმაზე, რომ შეწყვეტილიყო სამუშაო პროცესი და გასულიყვნენ საპოლიციო ძალები ხეობიდან. ამის შემდეგ შევიდოდით მათთან შინაარსობრივ საუბარში და გაიწერებოდა კალენდარი და სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრებდით. ეს პირობაც არაა, ესაა ლოგიკური კანონზომიერება, რომ დაკმაყოფილდეს ის მინიმალური პირობა, იმისთვის, რომ საუბარი შევძლოთ”,- განაცხადა გოლეთიანმა.
როგორც ეკონომიკის სამინისტრო, ისე “რიონის მცველები” იმედს გამოთქვამენ, რომ მედიაცია ეფექტიანი იქნება.
“იმედს გამოვთქვამთ, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის პროცესი, საბოლოო ჯამში, ამომწურავად გასცემს პასუხს ნამახვანიჰესის პროექტის შესახებ საზოგადოების ცალკეული ჯგუფების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას, ხოლო ამ პროცესის დასრულების შემდეგ, ჩვენ მივიღებთ ჰიდროელექტროსადგურის ისეთ პროექტს, რომელიც ყველა მხარის ინტერესებს დააკმაყოფილებს”. – აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.