ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის და კაცის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსიდან ადამიანების გამოყვანა ამ დრომდე გრძელდება. მაშველებმა უკვე ამოიყვანეს ნანგრევებიდან ერთი ქალი და ერთი მამაკაცი თუმცა მათი მდგომარეობა მძიმეა.  ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ქირურგი, კახაბერ ქაშიბაძი აცხადებს, რომ   ამოყვანილი ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა,  პაციენტის თითქმის ყველა პარამეტრი სიცოცხლესთან შეუთავსებლობის ზღვარზეა. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.

“ქალბატონი იქნა ჩვენთან შემოყვანილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. ახლაც რჩება ის უკიდურეს მძიმე მდგომაროებაში. სამჯერ იყო გულის გაჩერება. ყველა პარამეტრი არის, რეალურად, ახლოს შეუთავსებელ სიცოცხლესთან, მაგრამ აქამდე ვიბრძვით მისი სიცოცხლისთვის. რაღაც-რაღაც ელემენტები გამოჩნდა, თუმცა რჩება უკიდურესად მძიმე  მთელი საავადმყოფო მობილიზებულია, რომ ამ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, ეგებ მოვახერხოთ”,- განაცხადა კახაბერ ქაშიბაძემ.

ასევე მძიმეა, მეორე გადარჩენილის მდგომარეობა მძიმეა, კაცს ქალა-ტვინისა და გულ-მკერდის ტრავმა აქვს.  ის კლინიკა მედცენტრშია გადაყვანილი.

“პაციენტი მკურნალობის გასაგრძელებლად გადადის რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ მომენტისთვის სასწრაფო ქირურგიული ჩარევა არ ესაჭიროება. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე. სახეზეა პოლიტრავმა, ქალა-ტვინისა და გულმკერდის დახურული ტრავმა, გულ-მკერდის დაჟეჟილობა, რბილი ქსობილების დაჟეჟილობა, აქვს კოჭის ღია მოტეხილობა და ტრავმული შოკი. გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე, ინტენსიური მკურნალობა გაუგძელდება რეანიმაციულ განყოფილებაში”. – ამბობს მედცენტრს დირექტორი.

ცოტა ხნის წინ, მაშველებმა ნანგრევებიდან შუახნის ქალის ცხედარი ამოასვენეს. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს ერთი შშმ-პირი მამაკაცი და ქალი. ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი – კლინიკის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მას გული 3-ჯერ გაუჩერდა. ექიმები მის გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ.