შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის, რეალიზაციის მომზადების, რეალიზაციის მცდელობის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შეძენა-შენახვის ბრალდებით, კიდევ 44 პირი დააკავეს.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
“დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდითა და გზით სისტემატურად ყიდდნენ.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
პოლიციამ, დაკავებულების ავტომობილების, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები. ხოლო, ერთ-ერთი დაკავებულისგან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.