ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „უსაფრთხოების სამსახური“ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ე.წ. „საზღვრის“ დამრღვევები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და დაკავებისას მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს.
„დაკავების მცდელობისას მათ მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რაც საფრთხეს უქმნიდა მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საზღვრის დამრღვევებმა ნაჯახი გამოიყენეს. მოგვიანებით, მათ სცადეს ავტომობილით მესაზღვრეს შეჯახებოდნენ და შემდეგ საქართველოში გამგზავრებულიყვნენ. ამ უკანონო ქმედებების აღსაკვეთად და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის თავიდან ასაცილებლად, მესაზღვრეებმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს და მას შემდეგ რაც სამართალდამრღვევები კანონიერ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ, ცეცხლი გაუხსნეს მათი ავტომობილის საბურავებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, ე.წ. „საზღვრის“ ერთ-ერთი დამრღვევი მძიმედ დაიჭრა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით „საქართველოს ტერიტორიაზე“ გადაიყვანეს, მეორე კი – დააკავეს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. სუსის განცხადებით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.
შსს-მ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მოთხოვნით, 6 ნოემბერს ერგნეთში გაიმართა ტექნიკური ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ოფიციალური თბილისის გარდა მონაწილეობდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.
თბილისმა საოკუპაციო ძალების წინაშე ორი ძირითადი საკითხი დააყენა: გატაცებული 6 ნოემბერს გატაცებული ლევან დოთიაშვილის უპირობო გათავისუფლება და ამავე დღეს თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა.
როგორც შეხვედრის შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ მედიას უთხრა, დოთიაშვილი არის „ოქროს მოწმე.
„დასრულდა საგანგებო შეხვედრა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩვენი თანამოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. დღევანდელ შეხვედრაზე უმთავრესი კითხვები, რაც არის გაჟღერებული, ეს არის მეორე უკანონო დაკავებულის, რომელიც ამჟამად ცხინვალში იმყოფება, დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების დაუყოვნებლივ დასჯა.
ველოდებით საოკუპაციო ძალებისგან დასტურს, რათა პირველ რიგში, რაც მთავარია, უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც შეესწრო ამ მკვლელობის ფაქტს, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არ არის ჩვენი მოქალაქის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მკვლელობის პირველი შემთხვევა.
ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია მკვლელობასთან დაკავშირებით არის ის, რომ რაც მოხდა ამას არანაირი ადამიანური გამართლება არ აქვს… ოქროს მოწმე არსებობს და ის დღეს იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მოკლული კი გადასვენებულია პროზექტურაში”, – თქვა ირაკლი ანთაძემ.