ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ბრმა ტყვიით ქალის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის ადვოკატის თქმით, ბრალდებული აღიარებს, რომ სამსახურეობრივი იარაღით, აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით ისროლა.
ადვოკატ ნუგზარ წერეთლის განცხადებით, პოლიციელი სროლის დროს ნასვამი იყო.
“აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით, ნასვამ მდგომარეობაში განახორციელა გასროლა [..] აღიარებს იმ ფაქტს, რომ მან კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა. ფაქტია, რომ უბედური შემთხვევა არის ზუსტად ამ კატეგორიის და ამ ტიპის შემთხვევა, როცა ყოველგვარი განზრახვის გარეშე დგება ის ლეტალური შედეგი, რომელიც მოცემულ შეთხვევაში დადგა”, — თქვა ნუგზარ წერეთელმა.
მისივე ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციელი მეგობრებთან ერთად აღნიშნავდა აღდგომას, თუმცა გასროლისას ის მარტო იყო.
“კომენდანტის საათის დაწყებამდე მეგობრები დაიშალნენ და შემდეგ საკუთარი აივნიდან გაისროლა. ისროლა და როგორც ყვება, დაწვა დასაძინებლად. გავიდა რამდენიმე საათი და მას მიაკითხა პოლიციამ”, – ამბობს ადვოკატი.
19 აპრილს პოლიციელის მიერ აივნიდან გასროლილმა ბრმა ტყვიამ 50 წლის ქალი მოკლა. გარდაცვლილს ტყვია საკუთარ სახლში მოხვდა.
პროკურატურამ პოლიციელს ბრალი დღეს დაუმძიმა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.