პოლკოვნიკი რიჩარდ კემპი, რომელიც ავღანეთში ბრიტანულ ჯარებს კურირებდა, აცხადებს, რომ ნატომ უნდა განიხილოს ძალაუფლებიდან პუტინის ჩამოშორების ყველა ვარიანტი, მათ შორის მისი მოკვლა.
კემპს ბრიტანული ტაბლოიდი The Mirror ციტირებს. კემპი თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტს მინიმუმ ბრალდებები უნდა წაუყენონ ომის დანაშაულში.
“ყველაზე კარგი იქნებოდა, თუ პუტინს დაამხობდნენ, დააპატიმრებდნენ ან რუსეთში ან საერთაშორისო სასამართლოში გაასამართლებენ, მაგრამ ეს ვარიანტები შეიძლება არ შედგეს.“– ამბობს ის.
გადამდგარი ოფიციერი აღნიშნავს, რომ მართალია ბევრი ადამიანისთვის მკვლელობა მიუღებელია, მაგრამ ის შეიძლება ერთადერთი გზა იყოს ომის დასასრულებლად და შემდგომი კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად.
“მკვლელობამდე თუ მივა საქმე, ეს შეიძლება მიუღებელი იყოს ბევრისთვის, მაგრამ მისი სიცოცხლე მეტ ფასეულობას არ წარმოადგენს, ვიდრე ათასობით ადამიანის, ვინც უკვე მოკლა უკრაინაში და სხვაგან, და ვისაც მომავალში მოკლავს. ის რუსული ჯარის მთავარსარდალია, რომელმაც გასცა უკანონო აგრესიული ომის ბრძანება და კანონიერ სამიზნეს წარმოადგენს“– ამბობს რიჩარდ კემპი და დასძენს, რომ ბრიტანეთის მთავრობა მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერის მოკვლას გეგმავდა და ეს რომ მართლაც გაეკეთებინა 1930–იანი წლების ბოლოს, არ მოხდებოდა კონფლიქტი, რომელსაც 70 მილიონი ადამიანი შეეწირა.
“უსამა ბინ ლადენი, ისლამური სახელმწიფოს მეთაური აბუ ბაკრ ალ–ბაღდადი და ირანის რესპუბლიკური გვარდიის მეთაური კალემ სულეიმანი – ყველა მათგანი დასავლეთისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენდა. ყველა მათგანი მოკლეს, რათა ამ საფრთხეებს წინ აღდგომოდნენ. პუტინი მუდმივი სასიკვდილო საფრთხეა, რომელიც დარჩება, სანამ ხელისუფლებაშია. ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს მის მოშორებას ხელი შევუწყოთ. თუ პუტინის ოლიგარქებზე საკმარისი ზეწოლა იქნება, ამან შეიძლება სასახლის კარის გადატრიალება გამოიწვიოს“– ამბობს ბრიტანელი სამხედრო.