„ეს პირველი შემთხვევაა ნატოს 70-წლიანი ისტორიის მანძილზე, რომელიც უსაფრთხოების დაცვის გამო, ონლაინ იმართება“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ნატოს მინისტერიალის გახსნისას. წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მთავარ განსახილველ საკითხებს შორის ერაყის და ავღანეთის მისიები, ასევე საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერა იყო. თუმცა, დღის წესრიგს კორონავირუსის წინააღდეგ ალიანსის პასუხი დომინირებდა.
„ეს გლობალური ჯანდაცვის კრიზისია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. „ნატო თამაშობს საკუთარ როლს, ამ უხილავ მტერთან საერთო ბრძოლაში“, – თქვა მან. სტოლტენბერგმა ისაუბრა წევრი ქვეყნების პასუხზე, სამედიცინო აღჭურვილობის ნატოს სამხედრო ძალების მეშვეობით ტრანსპორტირებასა და ამ კუთხით, ამერიკული და თურქული მხარეების დახმარებაზე. „გლობალურ გამოწვევებს, გლობალური გადაწყვეტა სჭირდება. კოვიდ-19 ამას აჩვენებს. და როგორც ტრანსატლანტიკური ალიანსი, ნატო მზადაა თავისი როლი ითამაშოს ამ საქმეში“ – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
საქართველო და ალიანსი
ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, საქართველოს და უკრაინის მხარდაჭერის ახალ პაკეტზე ისაუბრეს, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას მოიცავს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, მინისტერიალზე მიღებული გადაწვეტილება, საქართველოს და უკრაინის უფრო აქტიურად ჩართვას გულისხმობს, შავ ზღვაში დაგეგმილ სწავლებებსა და წვრთნებში. საქართველოსთვის შეთავაზებული ახალი პაკეტი ასევე მოიცავს რუსეთიდან მომავალ ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლაში თანამშრომლობის გაღრმავებას და საქართველოს ჩართვას შავი ზღვის რეგიონის საჰაერო სარადარო მონაცემთა გაცვლის პროგრამაში. განხილული თანამშრომლობის ახალი პაკეტის განხორციელების საკითხზე მხარეები მუშაობას გააგრძელებენ.
„ჩვენ გადავწყვიტეთ უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან, მათ შორის წვრთნებით სტრატეგიულად მნიშვნელოვან შავი ზღვის რეგიონში, ასევე, ჰიბრიდულ ომთან ერთად ბრძოლით დ საჰაერო მოძრაობის რადარების მონაცემების გაზიარების საშუალებით, რათა საჰაერო სივრცე ყველასთვის უსაფრთხო იყოს“ – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მინისტერიალამდე ერთი დღით ადრე, შეერთებული შტატების წარმომადგენელმა ნატოში, კეი ბეილი ჰატჩისონმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რჩება მისი პარტნიორების, მათ შორის საქართველოს და უკრაინის ერთგული.
„ჩვენ ნატოს მოკავშირეების აბსოლუტური უსაფრთხოების ერთგულნი ვართ, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორების, როგორიცაა უკრაინა და საქართველო, სადაც რუსეთი მათ სუვერენულ უფლებებს ზღუდავს – განაცხადა მან. საქართველოს, უკრაინის და ბოსნია-ჰერცოგოვინის წევრობის შესახებ “მესენჯერით“ დასმული კითხვის პასუხად, მან თქვა, რომ აშშ რჩება ერგული ამ ყველა ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისადმი. „ჩვენ ვართ ერთგულნი იმის, რომ ყველა ეს ქვეყანა გახდება მომავალი ნატოს წევრი. ჩვენ თითოეული მათგანის წევრობა გვინდა“ – განაცხადა კეი ბეილი ჰატჩისონმა .
მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს და უკრაინის დახმარებას რუსულ აგრესიასთან ბრძოლაში.
„ჩვენ ვიყავით საქართველოში, ჩვენ ვიყავით უკრაინაში. ჩვენ გვინდა, რომ მათი რეფორმები წინ წავიდეს. რუსეთმა უნდა მისცეს საშუალება ამ ქვეყნებს მართონ სუვერენულად, სუვერენულ ტერიტორიაზე, მათ საზღვრებში და ჩვენ გვაქვს ყველა განზრახვა დავეხმაროთ საქართველოს და უკრაინას უპასუხონ რუსულ აგრესიას, რომელმაც მათი ქვეყნების ნაწილები მიითვისა და ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას“, – განაცხადა მან.
აშშ-ს ელჩმა ნატოში მინისტერიალამდე ერთი დღით დაადასტურა, რომ ვირტუალურ შეხვედრაზე საქართველოსთვის მხარდაჭერის ახალი პაკეტის შეთავაზება იქნებოდა განხილული.
ნატო და კოვიდ-19
კორონავირუსზე საუბრისას, გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ნატოს მთავარი მისია მისი მოკავშირეების და ადამიანების დაცვაა, და რომ კორონავირუსს არ ჰქონია გავლენა ალიანსის ოპერაციებსა და მისიებზე. მინისტერიალზე ნატომ საერთო დეკლარაცია მიიღო, რომელიც ძირითადად კორონავირისის წინააღმდეგ ალიანსის წევრების ბრძოლას შეეხება. ალიანსმა პატივისცემა გამოხატა სამედიცინო პერსონალის და მათ მიმართ ვინც ვირუსის წინააღმდეგ იბრძვის. „ეს მოიცავს ფორმიან კაცებს და ქალებს, რომლებიც ჩვენი ყოველდღიური კოლექტიური უსაფრთხოებისთვის მუშაობენ“ – ნათქვამია დეკლარაციაში.
ნატოს ბრძოლას კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ხაზი გაესვა ასევე მინისტერიალის დეკლარაციაში.
„ჩვენ ვახდენთ კრიტიკული სამედიცინო დანადგარების საჰაერო ტრანსპორტირებას მთელს მსოფლიოში, გამოვყოფთ სამედიცინო პერსონალს, საჭირო მასალებს და სასიცოცხლო აღჭურვილობას სამხედრო და სამოქალაქო წყაროებიდან და ვიყენებთ ჩვენს სამედიცინო, მეცნიერულ და ტექნოლოგიურ ცოდნას და რესურსებს ინოვაციური გამოსავალის მისაღწევად“.
გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროები კრიზისის გადაჭრაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, მათ შორის – საველე ჰოსპიტლების მშენებლობის, პაციენტების გადაყვანის, საჯარო სივრცეების დეზინფექციის და საზღვრების უსაფრთხოების საკითხებში.
„ნატო საკუთარ როლს თამაშობს. მოკავშირეები ერთმანეთს ეხმარებიან, მათ შორის: სამედიცინო პროფესიონალები, საავადმყოფოს საწოლებით, სასიცოცხლოდ საჭირო სამედიცინო აღჭურვილობით და საუკეთესო პრაქტიკის და იდეების გაზიარებით, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ მომაკვდინებელ დაავადებას“.
მინისტერიალის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ჩატარდება თავდაცვის მინისტრების საგანგებო შეხვედრა აპრილში, რათა განხილულ იქნას ალიანსის მხარდაჭერა მისი მოკავშირეებისადმი პანდემიის გავრცელების კვალდაკვალ.
წყარო: ამერიკის ხმა