ნაფიცმა მსაჯულებმა გაამტყუნეს პოლიციელი, რომელმაც მეტროში შშმ ბიჭს სცემა

28 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეზე ნაფიც მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს. მოსამართლემ მსჯავრდებულ პოლიციელს მინიმალური სასჯელის ზომა, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის, იანვარში მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც თბილისის მეტროში, ისნის სადგურზეა გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი არასრულწლოვანს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.  მომხდართან დაკავშირებით პოლიციელები კახა ბაკაშვილი და ნუკრი ბაქრაძე 25 იანვარს დააკავეს. 14 ივლისს პატიმრობიდან გათავისუფლდა პოლიციელი, რომელიც ესწრებოდა მისი მეწყვილის მერ შშმ არასრულწლოვანის ცემას.