“ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების საფუძველია”- ასე ეხმაურება, ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე მერაბ კობიაშვილის გამართლებას.
“მნიშვნელოვანი რამ მოხდა საქართველოს სასამართლოში – მერაბ კობიაშვილი გაამართლა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ. მე მესმის, რომ გარდაცვლილის ოჯახისთვის, ახლობლებისთვის ემოციურად ძნელად მისაღები ამბავია ან, შეიძლება, შეუძლებელი აღმოჩნდეს ამის მიღება ემოციურად, მაგრამ, ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ჯეროვანი ყურადღება მიაპყროს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ფუნდამენტური უფლების, სიცოცხლის უფლების დასაცავად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის მხრიდან გარანტირებული იყოს საკუთარი სიცოცხლის დაცვის ფუნდამენტური უფლება. ამიტომ იყო ღრმად პრობლემატური და ძალიან საგანგაშო, რომ ამ ადამიანს ბრალი წაუყენეს, პრაქტიკულად, განზრახ მკვლელობაში.
ამიტომ არის საკვანძო ნაფიცი მსაჯულების ეს გადაწყვეტილება – ამით დღევანდელ პირობებში, თან მაშინ, როდესაც კრიმინალისა და ძალადობის ზრდა გვაქვს მთელ საქართველოში, უმნიშვნელოვანესია, რომ ადამიანებს საკუთარი ან საკუთარი ახლობლების სიცოცხლის დაცვის ფუნდამენტური უფლება ჰქონდეთ გარანტირებული. ეს გააკეთა დღეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ”. – ამბობს გიგა ბოკერია.