მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” პრემიერად ისეთი ადამიანი უნდა შეერჩია, ვინც ნაბიჯებს გადადგმდა დეესკალაციისკენ და მოლაპარაკების მომხრე იქნებოდა, თუმცა ყველაზე კონფრონტაციული ადამიანი შეარჩიეს, “ვისაც ლამის “ნაციონალების” ცოცხლად შეჭმა უნდა.”
“როგორც ჩანს, განაგრძობენ ჯიუტად უგნური დაპირისპირების პოლიტიკას. ეს არის ძალიან ცუდი გზავნილი, ეს იქნება ცუდი ქვეყნისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” ისევ კუნთების თამაშს აგრძელებს მაშინ, როცა ყველამ უნდა ამოვისუნთქოთ, დავმშვიდდეთ და მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, ოპოზიცია და ხელისუფლება რაღაცაზე უნდა შეთანხმდნენ. ამის ნაცვლად ნიშნავენ ადამიანს, რომელიც არის ყველაზე კონფრონტაციული და მოძულე ოპოზიციის”,– ამბობს ელისაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე.
მისივე განცხადებით, ქვეყანას დამშვიდება სჭირდება, ამიტომ პრემიერად ღარიბაშვილის დანიშვნას მხარს არ დაუჭერს.
“ეს ოხერი მეხუთე რაუნდი აქამდე რომ გამართულიყო, ეს სჭირდებოდა ქვეყანას და არა აქედან და იქედან მუშტების ბრახუნი. მხარს არ დავუჭერთ ღარიბაშვილის მთავრობას. ვინც ყველაზე რადიკალური და კონფრონტაციული იყო “ოცნებაში”, ის დააბრუნეს პრემიერად. მე ის მაინტერესებს, ქვეყანას რა ელოდება წინ. მართლა ყველამ შევავსოთ და გერმანიაში ყანაში სამუშაოდ მთელი საქართველო უნდა წავიდეთც თუ ქვეყანას რამე ეღირსება. ეს არის მთავარი დარდი”, – განაცხადა ელისაშვილმა.