“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭყისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. პარტია წერს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერდნენ, თუ 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდებოდა და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებდა, რაც არ მოხდა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ. ვთვლით, რომ შემუშავებული საარჩევნო მოდელი მრავალპარტიული მმართველობის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის. ცვლილებების ეს პაკეტი არის საქართველოს მოქალაქეების, საერთაშორისო პარტნიორების, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ძალისხმევის შედეგი. ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის.
ამავე დროს, დემოკრატიისა და სამართლიანი არჩევნების პრინციპების ხელშეწყობისათვის აუცილებელია მიღწეული შეთანხმებების შესრულება. მით უფრო, იმ ხელისუფლების პირობებში, რომელმაც თავის საქმიანობის ქვაკუთხედად მოქალაქეების მუდმივი მოტყუება აქცია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი პოზიცია ეფუძნება ჩვენი ამომრჩევლების ნებას – საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი ჩვენი მხარდაჭერა უპირობო იქნებოდა 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებით, კერძოდ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებით, რაც სამწუხაროდ ამ მომენტამდე არ მოხდა”,- წერია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.
ენმ-ს განცხადებით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება.
“ზემოთ აღნიშნული არგუმენტებიდან გამომდინარე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქცია კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამასთანავე, პატივს ვცემთ სხვა ოპოზიციური ფრაქციებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერასთან დაკავშირებით”,- წერს ენმ.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭს უყრიან.
პარლამენტში საკონტიტუციო პროექტს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს პარტია “ევროპული საქართველო”, თუმცა მეორე მოსმენასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში პარტია მონაწილეობას არ მიიღებს მანამდე, სანამ მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს.
მათი განმარტებით, კენჭისყრაში მონაწილეობას იმიტომ იღებენ, რომ შეთანხმებას ჰქონდეს პერსპექტივა და ქართული ოცნების მხრიდან მორიგი გადაგდება არ ვიხილოთ.