ნაციონალური მოძრაობის სპიკერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ მათი ენმ უერთდება 4 პარტიის (ევროპული საქართველო, ლელი, გირჩი, სტრატეგია აღმაშენებელი) ერთობლივ განცხადებას.
“დიდი აქციების გარდა, იქნება პროტესტის სხვადასხვა სახის ფორმები, რომლითაც ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას. მოთხოვნები უცვლელია, ყველა პარტია ერთ აზრზეა და ერთი გეგმით მივდივართ. მთელი ოპოზიციური სპექტრი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, ერთი გეგმით მივდივართ. ჩვენც ვუერთდებით იმ განცხადებას, ნაციონალური მოძრაობა უერთდება იმ განცხადებას, რომელიც ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ გამოაქვეყნა,” – თქვა უდუმაშვილმა.
დღეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, გირჩმა და სტრატეგია აღმაშენებელმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც აღნიშნეს, რომ არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. მათი თქმით, მოთხოვნები უცვლელია:
- არჩევნების ხელახლა ჩატარება;
- ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა;
- პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
“მოვუწოდებთ მშვიდობიან მანიფესტანტებს, მათ შორის ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერებს, რომლებიც სამართლიანად არიან აღშფოთებული გაყალბებული არჩევნების და ხელისუფლების მხრიდან ძალადობის გამო, არ შევიდნენ ფიზიკურ კონფრონტაციაში პოლიციასთან. ნებისმიერი, ვინც ასე არ მოიქცევა, თავად გაემიჯნება მშვიდობიან პროტესტს.
ჩვენ მზად ვართ გრძელვადიანი და მშვიდობიანი პროტესტისთვის. ჩვენი პროტესტის ძალა მშვიდობიან ქმედებებშია. ოპოზიციის საერთო შეთანხმებით პროტესტის შემდგომი ადგილი იქნება საპროტესტო აქცია 14 ნოემბერს თბილისში, ხოლო 21 ნოემბერს, გაყალბებული არჩევნების მეორე ფიქტიური ტურების დროს, მშვიდობიანი, ცოცხალი ჯაჭვი”. – წერია 4 პარტიის საერთო განცხადებაში.
მანამდე გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, პროცესი ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ, რასაც მისივე თანაგუნდელების და სხვა ოპოზიციური პარტიების კრიტიკა მოჰყვა.
ამის შემდეგ მან განმარტება გაავრცელა და თქვა, რომ მოქალაქეებმა პროტესტი უნდა გააგრძელონ, ოპოზიცია კი, თუ ქართულ ოცნებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, პარლამენტში არ უნდა შევიდეს.