“ნაციონალურ მოძრაობას” ოპოზიციის შეთანხმების დარღვევაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი. ოპოზიციის მიერ ისნის ოლქში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატად დასახელებული გიორგი ვაშაძე ენმ-ს მიერ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ჩვენ გვქონდა შეთანხმება ისნისა და სხვა მაჟორიტარულ ოლქებზე და ამ შეთანხმებას არღვევს “ნაციონალური მოძრაობა”.
ეს არის მათი გადაწყვეტილება, ითამაშონ ოპოზიციური გაერთიანების შიგნით პოლიტიკური თამაშები, ნაცვლად იმისა, რომ შემოგვიერთდნენ “დამსხვრეული ოცნებების” პარტიის დასამარცხებლად საპარლამენტო არჩევნებში.
ჩვენს თანამოქალაქეებს არ აინტერესებთ პოლიტიკური ინტრიგები, ისინი ჩვენგან ელიან სიღარიბისა და კრიმინალის დამარცხებას, “დამსხვრეული ოცნებების” პარტიის დამარცხებას!
სულ ესაა, რაც შემიძლია გითხრათ. ჩვენ მოვიპოვებთ გამარჯვებას ისნის ოლქში “დამსხვრეული ოცნებების” პარტიის კანდიდატზე და ჩემთან, როგორც ამ ქვეყნის მომავალ პრემიერ-მინისტრთან ერთად, დავამარცხებთ კრიმინალსა და სიღარიბეს.
საქართველოში არცერთი ბავშვი აღარ უნდა შიმშილობდეს და მოქალაქეები ქუჩებში თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ. ეს არის ის, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და მაღელვებს!”- წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.