„ნაციონალური მოძრაობის“ აშკარა მხარდამჭერისგან უცნაური განცხადება მოვისმინეთ – ვოლსკი ევროპარლამენტარის განცხადებაზე

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის შეფასებით, ევროპარლამენტარ მაიკლ გელერის განცხადებას იმის თაობაზე, რომ დასავლეთის ქვეყნები საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელოდებიან, სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს, თუ არა უცნაური, ვინაიდან მსგავსი საკითხები მხოლოდ სამართლებრივი გზით წყდება.

ამასთან, ვოლსკი ევროპარლამენტარს „ნაციონალური მოძრაობის“ აშკარა მხარდამჭერს უწოდებს.

„უცნაური განცხადებაა რაც მოვისმინეთ, თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ აშკარა მხარდამჭერისაგან, პარტიული, პიროვნული მხარდამჭერისაგან, ვინაიდან მან ყველაზე კარგად უნდა იცოდეს, რომ მასალები უნდა შეისწავლოს და თუკი რაიმე პრინციპული პოზიცია აქვს, სამართლებრივი გზით უნდა დაიცვას იგი. იყო ასეთივე განცხადებები, არანაკლები, ხისტი, პრინციპული, როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე „რუსთავი2“-ის თემაზე ვმსჯელობდით და, მეორე მხრივ, სამართლებრივი ხაზი განვითარდა ისე, რომ სტრასბურგმა საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან შორს არის იმ მოწოდებებისაგან, რაც სახალხო პარტიის წარმომადგენლებს იმ პერიოდში ჰქონდათ “, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარი გერმანიიდან, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი, მაიკლ გელერი აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნები, საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელოდებიან.

„ისინი ბედს ცდიან, კვლავ ელიან თუ არა საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. დიახ, ისინი ელიან. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს“,- წერს გელერი.